2015 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები თურქეთში და შესაძლო პროგნოზები

სანდრო ბაკურაძე თურქეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

თურქეთზე და არა მხოლოდ

2015 წლის 7 ივნისს ჩვენს მეზობელ თურქეთში,შეიძლება ითქვას,რომ უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნებია,2013 წლის გეზი პარკის გამოსვლების, დეკემბრის კორუფციული სკანდალის(რომელშიც მოქმედი მინისტრების შვილები და სხვადასხვა მაღალიჩინოსანი პოლიტიკოსები იყვნენ გარეულნი), სირიასთან მიმართებაში არჩეული პოლიტიკური კურსის კრახის, მთავრობასა და ფეთჰულა გულენის მიმდევრებს შორის არსებული დაპირისპირებისა და სომას და ერმენექის ქვანახშირის მაღაროებში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ, შეიძლება ითქვას,რომ მმართველი აღმავლობისა და სამართლიანობის პარტიის რეიტინგი საკმაოდაა დაცემული,რაც ბევრ გარეშე დამკვირვებელს აფიქრებინებს,რომ თურქეთში შესაძლებელია მოხდეს ცვლილება დემოკრატიული არჩევნების გზით,რომელიც შეძლებს დაამთავროს სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიისა და მისი ლიდერის – ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობა, რომელიც მზარდი ისლამიზაციით და ავტორიტარულობით ხასიათდება.

შესაძლოა არჩევნების შედეგები გასულ წელს გამართული ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მეტნაკლებად პროგნოზირებადი იყოს,მაგრამ არის რამდენიმე დეტალი, რაც 2015 წლის არჩევნებს გამოარჩევს; პირველი დეტალი ეს არის ძირითადად ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისა და მემარცხენე მიმართულების მქონე ხალხთა დემოკრატიის პარტიის ამ უკანასკნელის სახელის ქვეშ გაერთიანების შემდეგ,არჩევნებში პარტიის სახით მონაწილეობის გადაწყვეტილება, რაც იმის გათვალისწინებით…

View original post 1,372 more words

გიორგი ხატიაშვილი: “1928 წლის შემდეგ რესპუბლიკელებმა საუკეთესო შედეგს მიაღწიეს”

1554574_571343392972721_4825827168723463867_n

ფოტო: Humans of Tbilisi

4 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. “საარჩევნო მიმოხილვამ” კენჭისყრის შედეგებზე მოკლე შეფასების ჩამოყალიბება თხოვა  Georgia Regents University-ის საჯარო ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტს, სასწავლებლის უმცროს მკვლევარს გიორგი ხატიაშვილს:

“4 ნოემბერს ამერიკის კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. თავიდანვე უნდა აღნიშნოს, რომ შუალედური არჩევნები მმართველი პარტიისთვის ყოველთვის რთულია, საარჩევნო აქტივობა საპრეზიდენტოსთან შედარებით დაბალია, ხოლო არჩევნებზე ძირითადად ოპოზიცურად განწყობილი (რესპუბლიკელების) ელექტორატი დადის. სენატის საარჩევნო რუკაც დემოკრატებს არ სწყალობდა. 36 სენატორიდან, რომელიც ხელახლა უნდა არჩეულიყო, დემოკრატებს 21 პოსტი ეკავათ, ხოლო რესპუბლიკელებს 15. შესაბამისად,  დემოკრატებს გაცილებით მეტი მანდატის დაცვა უწევდათ. ასევე საგულისხმოა წითელი (რესპუბლიკური) შტატების (არკანზასი, ლუიზიანა, ალასკა, ნიუ ჰემფშირი, ჩრდილოეთ კაროლინა, ვირჯინია)   დემოკრატ სენატორებს  უხდებოდათ არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო აიოვაში მოქმედი დემოკრატი სენატორი პენსიაში გადიოდა. ყველა ამ შტატში, გამარჯვებულის პროგნოზრება წინასწარ შეუძლებელი იყო, კანდიდატებს შორის სხვაობა წინასაარჩევნო კვლევებში სტატსტიკურ ცდომილობაზე ნაკლები იყო.

შედეგად, დემოკრატებმა ნიუ ჰემფშირის გარდა ყველა სადავო შტატი წააგეს. ლუიზიანაში დემოკრატმა სენატორმა მოიგო, თუმცა ხმათა 50% ნაკლები დააგროვა და შესაბამისად მეორე ტური იანვარში გაიმართება. ალასკაში საბოლოო შედეგბი არ გამოცხადებულა თუმცა რესპუბლიკელი ლიდერობს. ამრიგად ახალ სენატში მინიმუმ 53 რესპუბლიკელს და 45 დემოკრატს ვიხილავთ, 2 სენატორი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 435 ადგილიდან 244 მოიპოვეს, 1928 წლის შემდეგ როდესაც რესპუბლიკელებმა 270 ადგილი აიღეს ეს ყველაზე დიდი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ იმ შტატებში რომლებმაც რესპუბლიკელი სენატორები აირჩიეს, ამომრჩევლებმა სხვადასხვა გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძირითადად დემოკრატებთან ასოცირდება. ალასკამ მოახდინა მარიხუანას ლეგალიზაცია და მინიმალური ხელფასი გაზარდა, არკანზასმა, ნებრასკამ და სამხრეთ დაკოტამ მინიმალური ხელფასი გაზარდა, კოლორადომ უარყო ემბრიონის პიროვნებად გამოცხადების გეგმა, ილინოისი სადაც რეპსუბლიკელი გუბერნატორი აირჩიეს და დემოკრატი სენატორი ასევე გაიზარდა მინიმალური ხელფასი.”

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კონგრესის შუალედური კენჭისყრა მთავარი პოლიტიკური დაპირისპირება გახლდათ.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

039ED27C-7FB3-4D4E-B695-4FDF69C9035A_cx0_cy14_cw0_mw1024_s_n1

2014 წლის 26 ოქტომბერს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სავარაუდოდ, კენჭისყრის ჩატარება ვერ მოხერხდება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

არჩევნები ფაქტობრივად უცვლელი კანონმდებლობით წარიმართება. უკრაინის რადას 225 წევრი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული წესით აირჩევა, მეორე ნახევარი კი პროპორციული წესით (რომელიც 5%-იანი ბარიერის გადალახვის წინაპირობას გულისხმობს) დაკომპლექტდება.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა “პეტრო პოროშენკოს ბლოკმა”. პრეზიდენტის გუნდში მემარჯვენე-ცენტრისტული ორგანიზაციები გაერთიანდნენ. ბლოკის ლიდერები არიან პარტია “უდარის” თავმჯდომარე, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და შს ექს-მინისტრი იური ლუცენკო. ბლოკი აერთიანებს ყირიმელ თათართა მეჯლისის წარმომადგენლებსაც. სავარაუდოდ, პრეზიდენტის მხარდამჭერი გაერთიანება დიდი უპირატესობით ჩამოიტოვებს ყველა სხვა დანარჩენ პარტიას.

მეორე ადგილის მოსაპოვებლად რამდენიმე კოალიცია დაუპირისპირდება ერთმანეთს. ბუნებრვია, სერიოზული პოზიციების მოპოვებისათვის იბრძვის პროევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული ძალების ბლოკი “ბატკივშინა”, რომელსაც სათავეში ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო უდგას. წარმატების მიღწევსა და “ბატკივშინას” დამარცხების შანსები აქვთ ტიმოშენკოს გუნდის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ჯგუფებს. კერძოდ, მომავალ რადაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძალა აუცილებლად იქნება პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენუკისა და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის ოლეგ ტურჩინოვის მიერ ახლადდაარსებული პარტია “სახალხო ფრონტი”. არაფრის დათმობას არ აპირებს 25 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების “ბრინჯაოს პრიზიორი” ოლეგ ლიაშკო და მისი მხარდამჭერი, ზომიერი ნაციონალიზმის მიმდევარი “რადიკალური პარტია”.

5%-იანი ბარიერის გადალახვისთვის იბრძოლებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ანატოლი გრიცენკოს პარტია “სამოქალაო პოზიცია”, პარტია “თვითდახმარება” და ნაციოანლისტთა გაერთიანება “თავისუფლება”.

იანუკოვიჩის მხარდამჭერები არჩევნებზე ორი სუბიექტის სახით იქნებიან წარმოდგენილნი. ყოფილი ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო “ძლიერ უკრაინას” გაუძღვება, ხოლო ენერგეტიკის ექს-მინისტრი იური ბოიკო “ოპოზიციურ ბლოკს”. ბარიერის გადალახვისთვის იბრძოლებს კომუნისტური პარტიაც.

პოლიტიკის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უკრაინის რადას ახალი შემადგენლობა გამორჩეული იქნება განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, პრეზიდენტის ბლოკი კი გადამწყვეტ უპირატესობას ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების წყალობით მოიპოვებს. ანალიტიკოსები მიანიშნებენ უკრაინული პოლიტიკის პერსონიფიციერების მაღალ ხარისხსა და იდეოლოგიური პოზიციების გაუფასურებაზე.

ბრაზილია: პრეზიდენტის პოსტის მოპოვების რეალური შანსი მხოლოდ მემარცხენე ქალებს აქვთ

2014 წლის 5 ოქტომბერს სამხრეთ ამერიკის უდიდეს სახელმწიფოში, ბრაზილიაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა ჩატარდება. ბრაზილიელები პრეზიდენტს, ეროვნულ კონგრესს, გუბერნატორებსა და რეგიონალურ საკანონმდებლო საბჭოებს აირჩევენ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი მხოლოდ სამ კანდიდატს აქვს. სამივე მათგანი მემარცხენე ან ცენტრისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს.

საპრეზიდენტო მანდატის მეორე ვადით შენარჩუნებას ცდილობს ქვეყნის მოქმედი პირველი პირი დილმა რუსეფი. 67 წლის რუსეფი ბრაზილიის შრომის პარტიის ლიდერია. პარტია 2003 წლიდან უდგას სათავეში უდიდესი სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოს მთავრობას. მარქსისტული წარსულის მქონე პოლიტიკური დაჯგუფების წარმატება ექს-პრეზიდენტ ლუის იგნასიო ლულას სახელს უკავშირდება. სწორედ მისი ფავორიტი და მემკვიდრე გახლავთ ბულგარელი კომუნისტი ემიგრანტების შთამომავალი დილმა რუსეფი. ლულა-რუსეფის მმართველობის პერიოდთან ასოცირდება ბრაზილიის ძირითადი საექსპორტო მაჩვენებლების ზრდა, კრიმინალთან ბრძოლის გააქტიურება, მასშტაბური ქალაქგანვითარების პროექტების განხორციელება და შრომის კანონმდებლობის რეფორმა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალს მეორე ტურში გასვლის საუკეთესო შესაძლებლობები აქვს.

1024px-Dilma_Lula_Temer_Convenção_PT

[დილმა რუსეფი და ლუის იგნასიო ლულა]

მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტიც ქალი გახლავთ. ცნობილი მწვანე აქტივისტი და ამაზონის დაცვის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი მარინა სილვა 2010 წელსაც მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. მაშინ მან 20%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც პოლიტიკური წარმატების მოსაპოვებლად არ აღმოჩნდა საკმარისი. მიმდინარე კენჭისყრაზე იგი სოციალისტური პარტიისა და ეკოლოგიური მოძრაობა „მდგრადი განვითარების ქსელის“ მიერ წარდგენილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ. სოციალისტთა ლიდერის, ედუარდო კამპოსის ავიაკატასტროფაში გარდაცვალების შემდეგ, მოულოდნელად სილვა საკუთარი ბლოკიდან პრეზიდენტობის ერთადერთი პრეტენდენტი გახდა. სილვა ღარიბი, შერეული (აფრიკელი მონებისა და ინდიელების)ოჯახის წარმომადგენელია. მისი მთავარი მხარდამჭერები ახალგაზრდები, აფროამერიკელები და ამაზონის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები არიან. გარემოსდამცველ კანდიდატს ყველაზე მეტად უჭირს მორიგება მსხვილი აგრობიზნესისა და ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. 56 წლის სილვაც ექს-პრეზიდენტ ლულას ეპოქის პოლიტიკოსად მიიჩნევა. იგი შრომის პარტიის მთავრობაში ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს. დიდი ალბათობით სწორედ ექს-მინისტრი დაუპირისპირდება სხელმწიფოს მოქმედ მეთაურს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. სილვა მსოფლიოში პირველი „მწვანე“ პირველი პირი შეიძლება გახდეს.

MARINA-SILVA

[მარინა სილვა]

დაწინაურებული ქალი კანდიდატებისათვის მცირედი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მხოლოდ ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს აქვთ. ქრისტიანული დემოკრატიისა და სოციალური ლიბერალიზმის მიმდევარი ორგანიზაციის მთავარი კანდიდატი რკინის საბადოებით მდიდარი მინე ჟერაისის რეგიონის გუბერნატორი აესიო ნევესი გახლავთ. ნევესის პოლიტიკურ ასპარეზზე დაწინაურებას ხელი შეუწყო მისმა ბაბუამ, 80-იან წლებში ბრაზილიის პრეზიდენტმა ტანკრედო ნევესმა. ბაბუის პრეზიდენტობის დროიდან აესიო ნევესი სხვადასხვა თანამდებობებზე გახლდათ არჩეული. ეკავა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის და მინე ჟერაისის საკანონმდებლო საბჭოს უმრავლესობის ლიდერის პოსტები. ეკონომისტის რეიტინგი წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით 18-22%-ია, რაც კენჭისყრის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ უნდა აღმოჩნდეს.

800px-Tancredo_aecio_neves

[ტანკრედო და აესიო ნავასები]

არჩევნების მეორე ტური 26 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

რვა წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატები ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ

14 სექტემბერს, შვედეთში საკანონმდებლო ორგანოს – რიკსდაგის არჩევნები გაიმართება. წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ მოახერხებს.

წინასაარჩევნო პროცესის გამოკვეთილი ფავორიტი შვედეთის უძველესი და ყველაზე მრავალრიცხვოვანი პოლიტიკური ორგანიზაცია – სოციალ-დემოკრატიული პარტია გახლავთ. სავარაუდოდ, გაერთიანება არჩევნებზე 30%-ზე მეტს მოაგროვებს და რვა წლის შემდეგ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდება. მემარცხენე-ცენტრისტთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყოფილი ელექტრო შემდუღებელი და შვედეთის უმსხვილესი პროფკავშირის – მეტალურგთა კონფედერაცია “IF Metall-ის” ექს-პრეზიდენტი შტეფან ლიოვენი გახლავთ.

lofven

[შტეფან ლიოვენი, დაბ. 1957]

პრემიერ-მინისტრ ფრედერიკ რაინფელდის (და საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის) მოდერატორული პარტია, სავარაუდოდ, სახელისუფლებო მანდატებს დაკარგავს. მმართველი ძალის რეიტინგი 8-10%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე სოციალისტებისა. სამთავრობო კოალიციაში შემავალი ცენტრისტული პარტია და ლიბერალური სახალხო პარტია მოქმედ პირველ მინისტრთან თანამშრომლობას აღარ გეგმავენ. სოციალური ლიბერალიზმის მიმდევარი აღნიშნული ცენტრისტული მოძრაობები სავარაუდოდ მემარცხენეებთან თანამშრომლობას შეეცდებიან.

ტრადიციული სოლიდური საპარლამენტო წარმომადლენლობის მოპოვებას შეეცდებიან შვედი “მწვანეები” და მემარცხენე პარტიის წევრები. სექტემბრის არჩევნები მორიგი გამოცდა იქნება ევროსკეპტიკური და ნაციონალისტური “შვედეთის დემოკრატებისათვის”, მათ მიმდინარე წელს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებზე 10%-იანი მხარდაჭერის მოპოვება მოახერხეს.

შვედეთის 329 მანდატიანი რიკსდაგი პროპორციული კენჭისყრის წესით 4 წელიწადში ერთხელ აირჩევა.

პრეზიდენტობისათვის ბრძოლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

 

2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მიმდინარე წლის მაისში ანტისამთავრობო დემონსტრაციებისა და სახალხო მღელვარების შედეგად თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რაც რიგგარეშე კენჭისყრის ჩატარების აუცილებელი წინაპირობა გახდა.

არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიაში 132 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გალისა და ტყვარჩელის 22 000-მდე მოსახლე ხმის მიცემის უფლების გარეშეა დარჩენილი (თუ მოქალაქე ფლობს როგორც აფხაზურ, ასევე ქართულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს მას არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება).

პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად სულ ოთხი კანდიდატი იბრძვის. ორი მათგანი ანქვაბის მოწინააღმდეგეთა ბანაკს წარმოადგენს და პოლიტიკური კრიზისის დროს ჩამოყალიბებული „აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს“ წევრთა შორის ირიცხება. დანარჩენი ორი კანდიდატი კი ექს-პრეზიდენტისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსად მიიჩნევა.

F584B72F-6A51-417B-8DB5-3B6BC135C5F3_cx0_cy5_cw0_mw1024_s_n

აფხაზეთის პოლიტიკური სივრცის „რევოლუციონერ“ ლიდერად რაულ ხაჯიმბა განიხილება. ხაჯიმბა გახლდათ მაისის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი. მისი კანდიდატურა ანქვაბის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბებულმა „საკოორდინაციო საბჭომ“ წარადგინა, მას ზურგს უმაგრებს აფხაზეთში მოქმედი ექვსი პარტიიდან ერთ-ერთი, მის მიერვე დაარსებული „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“. რაულ ხაჯიმბამ აქამდე უკვე სამჯერ სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მისი სამივე მცდელობა (2004, 2009, 2011) წარუმატებელი გამოდგა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 1958 წელს ქ.ტყვარჩელში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ აფხაზეთის სხვადასხვა საკურორტო ზონაში ზეინკლობით ირჩენდა თავს. 1979-84 წლებში სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1985-86 წლებში კი სწავლა КГБ-ს მინსკის სკოლაში გააგრძელა. აფხაზეთის ომის დროს აღმოსავლეთის ფრონტის დაზვერვას ხელმძღვანელობდა. საბაჟო და უშიშროების სამსახურებში მუშაობის შემდეგ, 2001 წელს ხაჯიმბა მინისტრთა კაბინეტში აღმოჩნდა. 2001-2005 წლებში გახლდათ  ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე. 2005 წელს, იგი არაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა. 2009 წლიდან ხაჯიმბა აფხაზური ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ფრთას წარმოადგენს ე.წ. პარლამენტში. დეპუტატი ულტრანაციონალისტური შეხედულებებითა და განცხადებებით გამოირჩევა. გალისა და ტყვარჩელი ქართული მოსახლეობისათვის აქტიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა მისი უშუალო ინიციატივა გახლდათ. ხაჯიმბას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ (მეომრები) თავმჯდომარე, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ვიტალი გაბნია დასახელდა.

ibdbvorzdrdlvs

მაისის პოლიტიკურ კრიზისში მონაწილე პოლიტიკური ჯგუფების კიდევ ერთი კანდიდატი ბაღაფჩის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა (დაიბ.1961) გახლავთ. იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მილიციელი გახლავთ, რომელის სახელსაც სამართალდამცავ უწყებებში გატარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმაც უკავშირდება. ძიაპშიპა ორგანიზაცია „კანონიერება, სტაბილურობა, დემოკრატიის“ თავმჯდომარე და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია. მილიციის გენერალ-მაიორს არჩევნებში გამარჯვების უმცირესი შანსები აქვს.

1345310644_02

ექს-პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილი კანდიდატები შედარებით თანაბარი პოლიტიკური შესაძლებლობებით გამოირჩევიან.

მერებ ქიშმარია (დაიბ. 1961)  უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. 1993-2007 წლებში კი აფხაზეთის სამხედრო უწყებებსა და გენერალურ შტაბში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა. არმიის გენერალი ქიშმარია ავღანეთისა და აფხაზეთის ომების ვეტერანია, დე-ფაქტო ხელისუფლებამ მას ეროვნული გმირის წოდებაც მიანიჭა. მრავალშვილიან მამასა და მეომარ პატრიოტს აფხაზური საზოგადოება განსაკუთრებულ პატივს სცემ, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად აფასებს გამოცდილი გენერლის პოლიტიკურ შესაძლებლობებს.

ქიშმარიას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი წარმატებული მოსკოველი ბიზნსმენი საიდა ლოლუაა. თავისი სამეწარმეო საქმიანობის წარმოჩენით პოლიტიკურ სივრცეში ახლადგამოჩენილი პოლიტიკოსი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს.

download

ძირითადი კანდიდატებისათვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს ასლან ბჟანია (დაიბ. 1963), რომელსაც ანქვაბმა მიმდინარე წლის მაისში უშიშრობის გენერალ-მაიორი ჩინი მიანიჭა. ბჟანიამ განათლება რუსეთში მიიღო, მას სახალხო მეურნეობის სპეციალისტის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას მოსკოვში. ბჟანიას პოლიტიკური ბიოგრაფია ნაკლებად შთამბეჭდავია. 2008 წლიდან იგი რუსეთში აფხაზეთის საელჩოს მრჩეველი გახლდათ, შემდეგ კი მაისის მოვლენებამდე ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ანალიტიკოსთა აზრით, ბჟანია მთავარ გათვლას საკუთარ საგვარეულოზე აკეთებს. აფხაზეთში საარჩევნო ქცევის ნორმადაა დამკვიდრებული ერთი გვარის წარმომადგენელთა მიერ საერთო პოზიციის დაფიქსირება. ბჟანიათა გვარი კი საკმაოდ მრავალრიცხვოვან  თემს ქმნის.

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას მხოლოდ რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუისა და ნაურუს მთავრობები აღიარებენ.

ლევან ლორთქიფანიძე.

არჩევნების პოლიტიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა

“საარჩევნო მიმოხილვა საქართველოსთვის” ავტორი არჩევნების ფუნქციების, ძირითადი მახასიათებლებისა და ეფექტურობის პირობების შესახებ.

აღნიშნული ფილმი შეიქმნა პროექტის “აირჩიე თვითმმართველობა” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ორგანიზიაცია “ბორჯღალის” მიერ ტელეარხ 25-თან პარტნიორობით.

პროექტის ფინანსური ხმარადმჭერი იყო საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

ლევან ლორთქიფანიძე – 15 ივნისს სახალხო არჩევნები არ ჩატარებულა

ლევან ლორთქიფანიძე – 15 ივნისს სახალხო არჩევნები არ ჩატარებულა.

ისტორიული არჩევნები თურქეთში

Turkey-Republic-Day-Independence-Day-Flag-1

2014 წლის 10 აგვისტოს თურქეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევს. არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა და ქვეყნის განვითარებისა თუ ისლამიზაციის განმტკიცების ბედს განსაზღვრავს. ალბათ, დაინტერესებული მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანია ამომწურავი ინფორმაციის ფლობა საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორის, თურქეთის შიდაპოლიტიკური პროცესების შესახებ. აქედან გამომდინარე, “საარჩევნო” მიმოხილვა გთავაზობთ ჩვენი რედაქტორის, ლევან ლორთქიფანიძის ინტერვიუს ცნობილ ქართველ თურქოლოგთან, თსუ-ს ალტერნატიული აკადემიის ლექტორთან ალექსანდრე (სანდრო) ბაკურაძესთან. 

 – მოგესალმებით სანდრო, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ენიჭება 2014 წლის 10 აგვისტოს გასამართ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ??? რა ძირითადი გარდაქმნები გამოიწვია 2010 წელს თურქეთში განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა ??? რას მოუტანს თურქეთს საპრეზიდენტო ხელისუფლების გაძლიერება ???

ძალიან დიდი, ეს არჩევნები ფაქტობრივად პირველი კენჭისყრაა, როცა პრეზიდენტს უშუალოდ ხალხი აირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად 1980 წლის სამხედრო გადატრიალების ლიდერი ქენან ევრენიც ხალხის მიერ იყო არჩეული, მისი არჩევა ვერაფრით ჩაითვლება დემოკრატიულად სამი მიზეზის გამო – პირველი: მისი არჩევა უშუალოდ მიბმული იყო კონსტიტუციურ რეფერენდუმთან და ვინც საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხმა კონსტიტუციის დამტკიცებას მისცა მან ავტომატურად ევრენის პრეზიდენტად არჩევასაც დაუჭირა მხარი; მეორე: – ქენან ევრენი გადატრიალების შემდეგ ისედაც გამოცხადებული იყო სახელმწიფოს დროებით მეთაურად და ამავე დროს ითავსებდა გენერალური შტაბის უფროსისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს, ამგვარად შეიარაღებული ძალები და დაზვერვა მას უშუალოდ ექვემდებარებოდნენ და შესაბამისად, მის ხელში იყო ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი. მესამე: პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობა ოფიციალურად იყო აკრძალული, ხოლო ალტერნატიულ პრეზიდენტობის კანდიდატებს თვით სამხედრო წრეებიდანაც კი, არ მიეცათ უფლება თუნდაც იმისა, რომ ეცადათ და ევრენისათვი ნომინალური კონკურენცია გაეწიათ.

 

რაც შეეხება 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათი მთავარი მნიშვნელობა იმაშია, რომ ფაქტობრივად პოლიტიკას კონსტიტუციურად ჩამოაშორეს აქამდე “რუხი კარდინალის” როლში მყოფი თურქეთის შეიარაღებული ძალები. კერძოდ კი, მოეხსნა იმუნიტეტი 1980 წლის სამხედრო გადატრიალების მოთავეებს, სამხედრო ტრიბუნალს აეკრძალა სამოქალაქო პირების გასამართლება (გარდა საომარი მდგომარეობისა), ხოლო სამოქალაქო სასამართლოს მიეცა უფლება გაასამართლოს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული სამხედრო პირები. მოეხსნათ ყველა სახის სპეციალური სტატუსი სამხედრო სასამართლოებს.

 

გარდა ამისა. შემოღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამოქალაქო ცვლილებაც, მაგალითად  დაარსდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. საჯარო მოხელეებს მიეცათ პროფკავშირების ჩამოყალიბების უფლება.… თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად იქნა აღქმული ის მუხლი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში მისი წევრი მეჯლისის დეპუტატები არ დაკარგავენ მანდატებს, რაც ერდოღანის პარტიის ისლამისტური მიდრეკილებების გათვალისწინებით, მედიისა და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ერთგვარ თავის დაზღვევად მიიღო.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას და მისი პირდაპირი წესით არჩევას, ეს ჯერ კიდევ 2007 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე დადგინდა. მაგრამ, რადგანაც აბდულა გიული ძველი კანონების შესაბამისად იქნა არჩეული, 7 წლის ვადით და მხოლოდ ერთხელ არჩევის უფლებით, არსებული ცვლილებები მას არ შეხებია. შესაბამისად, ნაცვლად ახალი კანონმდებლობით დადგენილი ორი ხუთწლიანი ვადისა, მას შეუძლია მხოლოდ ერთი, 7 წლიანი ვადით იყოს პრეზიდენტი. იგივე ვრცელდება სხვა ყოფილ პრეზიდენტებზეც – ქენან ევრენზე, სულეიმან დემირელზე და აჰმედ ნეჯდეთ სეზერზეც.

 

პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება კი, თურქეთის საზოგადოების უფრო “ევროპული” ნაწილისათვის შეშფოთების სერიოზული წყაროა. პრემიერ-მინისტრ რეჯეფ  თაიფ ერდოღანის მზარდი ავტორიტარიზმის გათვალისწინებით მოქალაქეებში იზრდება შიში შესაძლო დიქტატურის დამყარებისა (დაახლოებით რუსული სტილის), რომელიც მოქმედი ლიდერის ისლამისტური ტენდენციებიდან გამომდინარე ამავე დროს იქნება ანტიქემალისტური ხასიათის.

 

სიტუაციას ასევე ამძიმებს კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელმაც ოთხი მინისტრის გადადგომა გამოწვია. მასში გარეულნი იყვნენ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, თავად ერდოღანის ვაჟის – ბილალის ჩათვლით და მისი მეტ-ნაკლებად ჩაწყნარება პრემიერმა მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსნების ძალიან ფართო თანამდებობრივი როტაციის ან გათავისუფლების გზით შეძლო. ამას თან ერთვის ფართო მასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობების ძალადობრივი გზით ჩახშობა/ჩახშობის მცდელობებიც, რაც კიდევ უფრო ზრდის იმის შიშს, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი ერდოღანი იქნება, ეს საბოლოო ჯამში არსებული სისტემის საბოლოო უზურპაცია იქნება მისი წარმატების შემთხვევაში.

10401874_589182321188828_8400103679561667809_n

თურქოლოგი ალექსანდრე (სანდრო) ბაკურაძე. ფოტო: Humans of Tbilisi

 

 – მოახლოებული არჩევნებისათვის როგორია მმართველი გუნდის – სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პოზიციები ??? ვინ იქნება სამთავრობო ძალის მთავარი კანდიდატი ??? შეიმჩნევა თუ არა შიდაპარტიული დაპირისპირება ??? კიდევ რომელი პოლიტიკოსები განიხილებიან ან განიხილებოდნენ აღნიშნულ თანამდებობაზე ???

სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიის პოზიციები შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მყარია, მიუხედავად ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო გამოსვლებისა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს რეგიონებში და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ჩავარდნებისა (მაგალითად სირიის საკითხთან მიმართებით, რის შედეგადაც თურქეთ-სირიის სასაზღვრო რეგიონები სირიიდან გადმოსული დევნილებისა და შეიარაღებული ამბოხებულების “დამსახურებით” ძალიან რთულ მდგომარეობაშია და შეიარაღებული სირიელების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის დატერორებაც არაა უცხო ხილი).

 

სამთავრობო ძალის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება. ასევე თურქულ მედიაში გავრცელებულია სპეკულაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიაში ასევე აქტიურად განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ჰაშიმ ქილიჩისა (რომელიც,თანამდებობიდან გამომდინარე დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა) და სტამბოლის მერის ყადირ თოფბაშის კანდიდატურებიც. თუმცა  ერდოღანის ფაქტორის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა მათი დასახელება საბოლოო კანდიდატებად.

 

რაც შეეხება შიდაპარტიულ დაპირისპირებას, ამის ნიშნები ერთი შეხედვით შეიმჩნევა, რის მაგალითებადაც პრეზიდენტ გიულისა და პრემიერ ერდოღანის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაგალითად: ინტერნეტის, გულენის მოძრაობისა და მასთან ასოცირებული აბიტურიენტთა მოსამზადებელი კლასების (ერსჰანელერ) შესახებ. გიულის განცხადებებიდან გამომდინარე თურქულ მედიაში ასეთი აზრიც არსებობს, რომ გიულს რეალურად კვლავ სურს პრეზიდენტობა და შესაძლოა ამისათვის გარკვეული მცდელობებიც გამოავლინოს. ასევე გარკვეულ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე მიგვანიშნებს იგივე გეზი პარკის გამოსვლების შემდეგ რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსის მიერ (რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილად ყოფილი კულტურის მინისტრი ერთუღრულ გუნაი შეგვიძლია ჩავთვალოთ) მმართველი პარტიის დატოვება.

 

 – რა ფაქტორები მუშაობენ ერდოღანის წინააღმდეგ ??? რომელი ეთნიკურ-რელიგიური, სოციალური ჯგუფები არიან ყველაზე მეტად მთავრობის საწინააღმდეგოდ განწყობილნი??? როგორია მათი გეოგრაფიული განლაგება ???

ერდოღანის საწინააღმდეგოდ ბევრი ფაქტორი მუშაობს – სირიის კონფლიქტში თურქეთის ჩარევის უდიდესი არაპოპულარულობა, პოლიტიკური კორუფცია, ერდოღანის ხშირად არაპოლიტკორექტული განცხადებები ოპოზიციისა და უმცირესობების – მაგალითად ალევიების მისამართით, ქურთული ფაქტორი – მიუხედავად ერდოღანის დაპირებებისა და ფართოდ “გაპიარებული” “(კონფლიქტის) გადაწყვეტის პროცესისა”.

 

“ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრები და ბევრი უბრალოდ ეთნიკური ქურთი მოქალაქე მიიჩნევენ, რომ მათ ვერ მიიღეს ერდოღანის დანაპირები ანუ კულტურული ავტონომია და აბდულა ოჯალანის გათავისუფლება.

ასევე, სომას მაღაროში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ისევ გააქტიურა მუშათა უფლებების საკითხი, რაც ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან მოყოლებული მწვავედ დგას თურქეთის საზოგადოებაში.

რაც შეეხება სოციალურ ჯგუფებს, აქ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ ის ჯგუფები, რომლებიც ერდოღანის მხარდამჭერებად ან მოწინააღმდეგეებად მოაზრებიან – ერთის მხრივ ერდოღანის ერთგულ მხარდამჭერებად მოიაზრებიან აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის – განსაკუთრებით კი ორდუს, ტრაბზონის და რიზეს მოსახლეობა, საიდანაც წარმოშობით თავად ერდოღანია, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის მსხვილი, ეთნიკურად თურქული ქალაქების – ერზურუმის, კონიის, ქაისერის, იოზგათის, მალათიის მოსახლეობა (ტრადიციულად რელიგიური, ღრმადმორწმუნე პოპულაცია).

ხოლო მეორეს მხრივ არის რეგიონები, სადაც წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველ პარტიას ან ძალიან გაუჭირდება ან წარმატების ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვს  – ესენია: პირველ რიგში ქურთული რეგიონები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ისლამურ ღირებულებებზე აპელირებით სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიამ შეძლო ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის მოპოვება, ვერ მოახერხა იქ არსებული ქურთული პარტიების პოლიტიკური მდგომარეობის შესამჩნევად შეკვეცა –  მაგალითად 30 მარტის არჩევნებზე დიარბაქირის პროვინციაში ქურთულმა მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიამ ხმების 55 პროცენტი აიღო მმართველმა პარტიმა კი 34, შირნაქში მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიამ 60 პროცენტი აიღო, მმართველმა 28, ჰაქარიში მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიამ  ხმების 66, მმართველმა 26 პროცენტი მიიღო… ხოლო თუნჯელის პროვინციაში, რომელიც თითქმის მთლიანად ალევი მოსახლეობითაა დასახლებული და ეთნიკურად შერეული თურქულ-ქურთულია, მმართველ პარტია ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 9 პროცენტმა მისცა.

ასევე ერდოღანს არანაირი იმედი არ შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის უდიდესი რელიგიური უმცირესობის – ალევიების და მათი მონათესავე (მაგრამ არა იდენტური) არაბულენოვანი ალავიტი(ნუსაირი) მოსახლეობის მხარდაჭერისა, რომლებიც, ერთად აღებულნი, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოვებით 20%-ს შეადგენენ.  ალევიტები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მხოლოდ თუნჯელის პროვინციაში, მაგრამ სხვაგანაც ფართოდ არიან განსახლებულნი (ქაჰრამანმარაშის,ერზინჯანის,ჩორუმის,მალათიის,იოზგათის და სივასის პროვინციებში). ბევრი მათგანი ცხოვრობს სტამბოლსა და ანკარაშიც. ხოლო ალავიტები მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ სირიის მოსაზღვრე ჰათაის პროვინციაში და ღიად უჭერენ მხარს სირიის ასევე ალავიტ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომელიც ერდოღანის მიერ ფაქტობრივად მტრადაა გამოცხადებული. ასევე მნიშვნელოვან ფაქტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ისიც, რომ “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” – მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ აღმსარებლობით ალევია და წარმოშობით თუნჯელის პროვინციიდანაა,ეთნიკურად შერეული ოჯახიდან. ასევე ერდოღანს ნაკლებად შეუძლია ჰქონდეს იმედი,რომ წარმატებას მიაღწევს ტრადიციულად სეკულარულ ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის პროვინციებში,ასევე თრაკიაში – თურქეთის ევროპულ ნაწილში. ალევიების ოპოზიციურ განწყობას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ გეზი პარკის საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა უმრავლესობა ალევი იყო და ასევე ალევი გახლდათ ამ რამდენიმე დღის სტამბოლში, ძირითადად ალევიებით დასახლებულ ოქმეიდანზე ჯემევიში (ალევიების სამლოცველო სახლი)  პოლიციის მიერ მოკლული მოქალაქეც.

77495_political-parties-in-turkey-from-2010-referendum-to-2011-june-elections_resim

 

 – რას გეგმავენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო რესპუბლიკური და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიებიდან ??? შესაძლებელია თუ არა, რომ მათ კენჭისყრაზე საერთო კანდიდატი წარმოადგინონ ??? როგორია მათი შანსები ???

საპარლამენტო ოპოზიცია, კარგა ხანია მუშაობს საერთო კანდიდატის წარდგენაზე, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც იდეოლოგიური კუთხით საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარტიები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გენერალური შტაბის უფროსის ილქერ ბაშბუღის კანდიდატურა კი, მართალია ფართოდაა გაჟღერებული მედიაში, როგორც შესაძლო კონსენსუსი და ამავე დროს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მოპოვების შესაძლო მცდელობა, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, ნებისმიერი სამხედრო წარსულის მქონე კანდიდატი განწირულია იმისათვის, რომ თითქმის ვერაფერი ვერ აიღოს ქურთებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე სამხედრო წარსულის მქონე კანდიდატს სათუოა, რომ მხარი დაუჭირონ პარლამენტში წარმოდგენილმა “ხალხთა დემოკრატიული პარტიისა” და ქურთული “მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის” წარმომადგენლებმა. რაც შეეხება დევლეთ ბაჰჩელის ან ქემალ ქილიჩდაროღლუს კანდიდატურებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონსენსუსი თუ შედგა, კანდიდატად ერთ-ერთი პარტიის ლიდერი დასახელდეს. რაც შეეხება “ხალხთა დემოკრატიული პარტიისა” და “მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის” კოალიციას, მათი კანდიდატი, თუკი წარადგინეს, სავარაუდოდ ან სალაჰათინ დემირთაში იქნება ან ქურთული წარმოშობის მწვანეთა მოძრაობის აქტივისტი და გეზი პარკის გამოსვლების ერთერთი ლიდერი სირრი სურეია ონდერი, რომელიც ქურთული რეგიონების გარეთაც ცნობადი სახეა.

 

 – რა ტიპის გავლენა ექნებათ 2014 წლის არჩევნებზე „ახალ მემარცხენეებსა“ და ქურთულ პარტიებს ??? ეყოლებათ მათ დამოუკიდებელი კანდიდატები თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ბანაკთან შეთანხმებაზე წავლენ ???

სავარაუდოდ ქურთებით დასახლებულ რეგიონებში მათი მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იქნება რომელიმე კანდიდატის მიერ ხმების დიდი რაოდენობის მოპოვება და იმ შემთხვევაშიც, თუ მეორე ტური გახდება საჭირო სავარაუდოა, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, ამ პარტიების მხარდაჭერის არმქონე კანდიდატისათვის ხმის მიცემას ისევ სახლში დარჩენას ამჯობინებს. რაც შეეხება მათ შეთანხმებას სხვა საპარლემენტო ოპოზიციურ პარტიებთან, იდეაში შესაძლებელია, რომ ქურთული პარტიები და სახალხო რესპუბლიკური პარტია შეთანხმდნენ, მიუხედავად ქემალიზმის მიმართ ქურთების უარყოფითი დამოკიდებულებისა და იმისა, რომ ერდოღანმა გარკვეული პოპულისტური ნაბიჯები გადადგა, ბოდიში მოიხადა 1937-38 წლების დერსიმის მოვლენებში სახელმწიფოს როლის გამო, აღკვეთა “ქურთული ჰეზბოლას” და მსგავსი სახელმწიფო აპარატიდან მართული ტერორისტული ორგანიზაციების თარეში და მთავარი – დადო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”, რის სანაცვლოდაც დაიწყო ე.წ. დემოკრატიზაციის პროცესი, მაგალითად გაუქმდა ქურთულ ენასთან მიმართებაში დაწესებული ყველა აკრძალვა,შემოიღო ანტი-დისკრიმინაციული დაცვა ქურთებთან მიმართებაში და ა.შ.

Protect_Your_Republic_Protest_-_1_(2007-04-14)

 

– მოსალოდნელია თუ არა არეულობები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ?

ვფიქრობ შესაძლებელია, თუმცა არა იმ მასშტაბით, რომ სერიოზული პოლიტიკური ძვრები გამოწვიოს და თუ არეულობა მოხდება,  სავარაუდოდ ის ძირითადად დიდი ქალაქების გარკვეულ უბნებსა და ცალკეულ პროვინციებში იქნება ლოკალიზებული.

 

მემარჯვენე ექსტრემისტები – საფრთხე ევროპისათვის

rechtsextremismus-540x304

რამდენიმე თვის წინ თბილისში იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, პარტია „გაერთიანება90/მწვანეების“ წევრი მარილუიზე ბეკი. ევროპელმა პოლიტიკოსმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ საჯარო დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი გახლდათ, მაგრამ მე მაინც ბოროტად ვისარგებლე შესაძლებლობით და სტუმარს კითხვა საერთო ევროპული კენჭისყრის მოსალოდნელ შედეგებზეც დავუსვი (შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს 28 დასავლური ქვეყნის მოსახლეობა ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობას დააკომპლექტებს). მაინტერესებდა, თუ რამდენად სერიოზულად აფასებდა ფონდის მიერ მოწვეული მომხსენებელი პოლიტიკური მიმომხილველების გაორკეცებულ შფოთვას, რომელიც ანტიევროპული, ევროპასკეპტიკური პარტიების „ბებერ კონტინენტზე“ გააქტიურებამ გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. გერმანელმა პარლამენტარმა მიპასუხა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე პროგრესული ძალებისათვის მთავარ საფრთხეს სწორედ მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფებები წარმოადგენენ . . .